Страницы

понедельник, 7 марта 2016 г.

„ ჩემი სკოლის მატიანე “

                                  
1.   ინფორმაცია სასულიერო სასწავლებელზე.
2.   სასწავლებლის ადგილმდებარეობა და ხელმძღვანელები დაარსებიდან 1952 წლამდე.
3.   სასწავლებლის გამორჩეული მასწავლებლები.
4.   სასწავლებლის გამოჩენილი კურსდამთავრებულები.
5.   სკოლა 1952 წლიდან და მისი დირექტორები დღემდე.
6.   კურსდამთავრებულები, რომლებითაც ამაყობს სკოლა.
7.   სკოლის უახლესი ისტორია და ახლანდელი მაჯისცემა.
8.     ჩვენ  შესახებ.


1.   ინფორმაცია სასულიერო სასწავლებელზე
ს,სიპ ქალაქ ქუთაისის N 6 საჯარო სკოლას არსებობის 190 წლის ისტორია აქვს. როგორც სკოლის საარქივო მასალების ჩანაწერიდან  ირკვევა, 1825 წლის 26 იანვარს ეგზარქოსის ინიციატივით გახსნილა სასულიერო სასწავლებელი. სწავლის დასაწყისში 20 მოსწავლე ყოფილა, რომლებიც აღნიშნულ სასწავლებელში გადმოუყვანიათ სამრევლო-საეკლესიო სკოლიდან. სკოლა თავიდან მდებარეობდა ბაგრატის ტაძრის  ნანგრევების ქვედა მხარეს.
Добавьте подпись

სასწავლებლის ძველი შენობა,  ბაგრატის ტაძრთან.

1998 წლისთვის სასულიერო სასწავლებელი თავის საკუთარ ორსართულიან შენობაში ყოფილა, რომელიც 1865 წელს აუშენებიათ. სასწავლებლის ახლოს, ბაგრატის ტაძრის ნანგრევებზე, მიშენებული იყო პატარა ეკლესია. ამ დროისთვის სასწავლებელს ჰქონია 14 კლასი. მოსწავლეთა რაოდენობა 600 - მდე გაზრდილა.
1901  წელს დაწყებითი მოსაზადებელი კლასები დროებით დახურულა,  რათა ხარჯები შემცირებულიყო, მაგრამ მშობლების მოთხოვნით კვლავ განახლებულა მეცადინეობა.

სასულიერო სასწავლებელში შესასვლელი გზა.
 სასწავლებელს 6  აკადემიური განათლების მქონე მასწავლებელი ჰყოლია, რომლებიც თბილისის სემინარიის ყოფილი სტუდენტები ყოფილან. სასწავლებელში სულ 27 თანამშრომელი იყო. ჰყოლიათ ექიმი და ფერშალი. სასულიერო სასწავლებლის  მოსწავლეები უფრო მეტად  სასულიერო პირების შვილები იყვნენ. მოსწავლეებს ბინები დაქირავებული ჰქონდათ არქიელის გორაზე, სასწავლებლის ახლოს. მათი საცხოვრებელი ბინები ყოფილა ძალზე ნოტიო და ცივი, ბინებში პრიმიტიული განათება ჰქონიათ.

        1901 წლიდან სასულიერო სასწავლებელში ზედამხედველად დაუნიშნავთ ალექსანდრე როჟდესტვენსკი.
        1904 წლის თებერვალში  ქუთაისში დაწყებულა მოსწავლეთა გამოსვლები, რის გამოც  გუბერნატორს სასწავლებელში მიმართვები გაუგზავნია.  გუბერნატორის ერთ-ერთ მიმართვაში აღნიშნულია : „ სასურველია და აუცილებელი მაცნობოთ მოსწავლეთა ქცევისა და განწყობის შესახებ. ეს მესაჭიროება იმისთვის, რომ გავცე სათანადო ბრძანება პოლიციას. მაცნობეთ, ახლა რას აკეთებენ,  დაწყნარდნენ თუ არა ისინი, ამჟამად ვინმე ხომ არ ეწინააღმდეგება სასწავლებლის წესებს? ეს მასალები ,  რომელსაც პოლიცია და სკოლები მაწვდიან, მოგვცემს საშუალებას ყოველგვარი უწესრიგობის წინააღმდეგ მივიღოთ ზომები. “ ( სკოლის საარქივო მასალებიდან, (არქივიდან ფონდი 5, საქმე 492 გვ. 8-11))
       სასწავლებელში მეტად მკაცრი რეჟიმი ყოფილა, რასაც მოსწავლეები ვერ ეგუებოდნენ. ზედამხედველი ამოწმებდა მოსწავლეების ქცევას სასწავლებელში და მის გარეთ. მოსწავლეებისთვის სავალდებულო ყოფილა შაბათს და კვირას ეკლესიაში წასვლა და წირვა-ლოცვაზე დასწრება არდადეგებზე . შობასა და აღდგომას  მოსწავლეებს სოფელში ( შინ ) წასვლის ნებას აძლევდნენ. არდადეგების დასრულების შემდეგ მათ სასწავლებელში უნდა მიეტანათ მოწმობა იმის შესახებ, რომ ნამდვილად ეზიარნენ. ( მოწმობა მღვდელს უნდა გაეცა )
      სასწავლებლის დირექტორი ყოფილა ჯერ ტატიევი, შემდეგ კი  დირექტორად დაუნიშნავთ ალექსანდრე ანანიას- ძე იაროსლავი, ხოლო ზედამხედველი ყოფილა გაფრინდაშვილი. ( პოეტ ვალერიან გაფრინდაშვილის მამა)    
   

2.   სასწავლებლის ადგილმდებარეობა და ხელმძღვანელები დაარსებიდნ 1952 წლამდე
სასწავლებელი მდებარეობდა არქიელის გორაზე, ბაგრატის ტაძართან
1920 წლიდან სკოლის შენობაში იყო მე-3 შვიდწლიანი სკოლა. გამგე - ბიქტორ შარაბიძე.
1921  წლიდან სკოლას ხელმძღვანელობდა - ირაკლი ნინიკაშვილი.
1922- 31  წლებში სკოლის გამგეებად იყვნენ  : ლადო ბზვანელი ( ნაცვლიშვილი ) და პეტრე ბახტურიძე.
1931 – 35 წლებში სკოლის დირექტორი იყო - დიმიტრი რუხაძე.
1935 წლებში მე-3 შვიდწლიან სკოლას ეწოდა მე-12 სკოლა, რომლის დირექტორად დანიშნეს ელენე ( კუჩხა) ლორთქიფანიძე.
1936 წლიდან ამავე სკოლაში გაიხსნა საკონსერვო ტექნიკუმი - დირექტორი იყო ილია გენძეხაძე.
1941-43 წლებში სკოლის შენობა დაკავებული იქნა სამხედრო უწყების მიერ.
1943 წლიდან მე-12 სკოლამ მიიღო ვაჟთა მე-6 საშუალო სკოლის სახელწოდება. დირექტორი  ნიკო რობაქიძე.


  3.სასულიერო სასწავლებლის გამორჩეული მასწავლებლები
 როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა, მასწავლებელთა ნაწილი არ ყოფილა ღვთის მორწმუნე , რის გამოც მათ მიმართ ხშირად საყვედურსაც გამოთქვამდნენ.. როცა ეკლესიაში წირვა მიმდინარეობდა , ისინი არ იწერდნენ თურმე პირჯვარს. (ფონდი N5 საქმე 171 გვ. 82)
       1875 წელს სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად დაუნიშნავთ იაროსლავი. ის ასწავლიდა ლათინურს , ბერძნულს , სამოქალაქო ისტორიასა და საღვთო რჯულს.
       1884 წლიდან უფროს კლასებში რუსული ენის მასწავლებელი ყოფილა თბილისის სემინარიის ყოფილი სტუდენტი ამბიკო სულაქველიძე.
      1891  წლიდან რუსული ენის მასწავლებლად დაუნიშნავთ ქრისტეფორე უგრეხელიძე. (მოსკოვის უნივერსიტეტის კანდიდატი).
       სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლებად იყვნენ : პოლიევქტოს კვიცარიძე და გერმანე ჯაჯანიძე.  განსაკუთრებით თვალსაჩნო იყო პოოლიევქტოს კვიცარიძის მასწავლებლობა. მას ახასიათებენ , როგორც გულისხმიერ აღმზრდელს , კარგ პედაგოგს, რომელიც მოსწავლე ახალგაზრდობაში ზრდიდა პატრიოტულ სულისკვთებას.  მას დიდი შრომა გაუწევია ქართული ენის გაუმჯობესების საქმეში. ვერც ერთი ჩვენი მეცნიერ- მკვლევარი გვერდს ვერ აუვლის  „ ქართულ სწორ მეტყველებას ,“ რომელიც პ. კვიცარიძეს შეუდგენია. ყოფილი მოსწავლეები მაღალ შეფასებას აძლევდნენ პოლიევქტოს, როგორც მასწავლებელს. ცნობილი პედაგოგი და მწერალი    დ. თომაშვილი სიყვარულით იგონებს პ. კვიცარიძეს. ის წერს : „  პოლიევქტოს კვაცარიძე ისე გვიყვარდა, რომ მას უბრალოდ პოლიას ვეძახდით, და ყოველთვის მასთან ყოფნა გვინდოდაო. პოლიას გაკვეთილებზე მოჰქონდა სხვადასხვა ქართული წიგნები. ის ისე ხსნიდა კლასში გაკვეთილს  და ისე მიიტანდა მოსწავლეებამდე, რომ მათი უმრავლესობა ახსნილ მასალას სკოლაში სწავლობდა. თუ გინდა კარგი და საყვარელი მასწავლებელი იყო , ისე უნდა გიყვარდეს ბავშვები, როგორც ჩვენ პოლიევქტოს კვაცარიძეს ვუყვარდითო “
   კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პიროვნება ამშვენებდა თურმე ჩვენს სკოლას - პეტრე ჭაბუკიანი, რომელიც ტარტუს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გეოგრაფიის მასწავლებელი და თან ბაგრატის ტაძრის მცველი და ჭირისუფალი გახლდათ. 

პეტრე ჭაბუკიანი სტუმრად მე-6 საშუალო სკოლის  დირექტორთან ლ. ბედიაშვილთან.
  2009 წელს პეტრე ჭაბუკიანის 120 წლისთავთან დაკავშირებით სკოლაში გავაკეთეთ დიდი ღონისძიება ,დავამუშავეთ მოსწავლეთა შემოქმედებითი კონფერენციისთვის თემები, რომლებმაც სიგელები დაიმსახურა. გარდა  ამისა, ტარტუს უნივერსიტეტის ინიციატივით , ესტონეთის საელჩოს ჩარევით, სკოლის ისტორიის მასწავლებლის - გულნარა მიშვიძის ძალისხმევითა და ქალაქის ხელმძღვანელობის დახმარებით კეთდებოდა პეტრე ჭაბუკიანის მუზეუმი. ფაქტობრივად, თითქმის ბოლომდე მისული საქმე ჩაიშალა, რაც განპირობებული იყო ქალაქისა და სკოლის ხელმძღვანელების შეცვლით.


სტუმრად ესტონეთის საელჩოში ელჩთან, პეტრე ჭაბუკიანის მუზეუმის თაობაზე



                                           პეტრე ჭაბუკიანის ხელნაწერი ( ავტობიოგრაფია )
„ოცნება წინ მიმიფრინავს,
წინ დიდების ზღვა მეშლება,
ზღვაში ჩემი ძეგლი ბრწყინავს
ძეგლთან დროს არ მიესვლება!“
                           პ. ჭაბუკიანი

             4.სასწავლებლის გამოჩენილი კურსდამთავრებულები


სასწავლებელში 1897 – 1904 წლებში სწავლობდა ქართველი ერის სიამაყე, დიდი მეცნიერი - აკადემიკოსი აკაკი შანიძე. როგორც თვით აკაკი შანიძე თავის მოგონებებში წერს, მისი მამა იყო დიაკვანი. აკაკი ბიძამ- ერმალო შანიძემ ( თავის შვილთან ერთად ) ქუთაისში ჩამოიყვანა სასწავლებლად. აკაკის,  რადგან დიაკვანის შვილი იყო , უფასოდ უნდა ესწავლა, მაგრამ გამოცდების ჩაბარების შემდეგ სავალდებულო ყოფილა 7 მანეთ-ნახევრის გადახდა.  ამის საშუალება არ ჰქონია აკაკის და სიიდან ამოუშლიათ.  მისი ბიძა ძალიან განაწყენებულა და უთქვამს : „ სიიდან ამოშალე თუ არა, შენზე ნაკლები გამოვაო “  . აკაკი ძალზე შეუშინებია სიიდან ამოშლას, ქუთაისში ჰყოლია ნათესავი, რომელიც ეპისკოპოსის კანცელარიაში მდივნად ნამუშევარა, მას მიუცია ფული სესხად და აკაკი და მისი ბიძაშვილი ჩაურიცხავთ სასწავლებელში.
 სასწავლებელში აკაკი შანიძე კარგ მოსწავლედ ითვლებოდა. მას ასწავლიდნენ : ანდრია ბენაშვილი , პოლიევქტოს კვიცარიძე, ესტატე დამბაშიძე, რაჟდენ ხუნდაძე ( სილოვან ხუნდაძის მამა) . აკაკი იგონებს : ბავშვები დილით ადრე ეკლესიაში უნდა წასულიყვნენ სალოცავად, შემდეგ კი გაკვეთილებზე ცხადდებოდნენ. კვირა დღეს მოსწავლეები წმინდა გიორგის ეკლესიაში მიჰყავდათ სალოცავად.


წმინდა გიორგის ეკლესია ბაგრატის ტაძრის უკანა მხარეს.
აკაკი შანიძესთან ერთად სწავლობდნენ თეოფლიაქტე ანთაძე , ალექსანდრე კანდელაკი. აკაკი შანიძე სიყვარულით იგონებს მასწავლებელ მიხეილ ფხალაძეს. რომელიც შემდეგ კათალიკოსი გამხდარა და მელქისედექად იწოდებოდა. ერთხელ მასწავლებელ მიხეილ ფხალაძეს აკაკისთვის დაუვალებია , რომ ჩაერბინა ქალაქში და ბეჟანეიშვილის მაღაზიაში ეყიდა პუშკინის თხზულება. ის მაშინვე გაქცეულა და დავალება შეუსრულებია. ფხალაძეს მისთვის წიგნი გამოურთმევია და ასეთი წარწერა გაუკეთებია: „ ჩემს საყვარელ მოსწავლეს , აკაკი შანიძეს“  აკაკი შანიძე ამავე დროს მოგონებებში გულისტკივილით წერს, რომ მასწავლებლები არ მდგარან მოწოდების სიმაღლეზე. სასწავლებლის წინ შესანიშნავი ისტორიული ტაძარი იყო და არც ერთს არ უფიქრია , რომ ბავშვებისთვის ეამბნა , როგორი ისტორიული წარსულის იყო ეს ტაძარი , არადა მოსწავლეებს ჰქონიათ რვეულები , სადაც აღინიშნებოდა თუ რას ჭამდნენ , რომ უმჯობესი იქნებოდა მოსწავლეები წაეყვანათ ექვსკურსიაზე , შეესწავლათ მშობლიური მხარე ,დაეთვალიერებინათ გელათი , მოწამეთა, გეგუთი და სხვა ისტორიული ადგილები.
აკაკი შანიძე აგრეთვე წერს მოგონებებში : ერთხელ რეალური სასწავლებლისა და სასულიერო სასწავლებლის მოწაფეები  წაიყვანეს ოღასკურის მთაზე და იქ გაიმართა ჭიდაობა, რომელიც იშვიათი იყო. აქ თავი ისახელა მოსწავლე ძოწენიძემ, რომელიც ძალზე ღონიერი ყოფილა.                    ( ძოწენიძეების ოჯახი, ჩვენი სკოლის მოსაზღვრეა და ჩვენ გავესაუბრეთ ოჯახის ხანდაზმულ წევრებს ამ ფაქტის შესახებ , მათ დაგვიდასტურეს ეს ფაქტი)
  სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ აკაკი შანიძეს სწავლა გაუგრძელებია გიმნაზიაში.

 1900 წლის 1 სექტემბრიდან სასულიერო სასწავლებლის მოსამზადებელ კლასში ჩაურიცხავთ დიდი პოეტი გალაკტიონ ტაბიძე
პოეტის არქივში დაცულია მისი მოწაფეობის პერიოდის ერთი რვეული, რომელშიც თემებია დაწერილი. ყოველი თემის ქვეშ, ლამაზად, წითელი კალმითაა მიწერილი ფრიადი (5)  და ხელს აწერს მისი ქართულის მასწავლებელი მელიტონ ჩოგოვაძე. როგორც პოეტის ჩანაწერიდან ირკვევა, მელიტონ ჩოგოვაძეს დიდი როლი უთამაშია გ. ტაბიძის ლიტერატურული გემოვნების დახვეწა- განვითარებაში.  პოეტი წერილში „ გალაკტიონის ცხოვრება და შემოქმედება“ თავის თავზე წერს : 1905 წელს გალაქტიონი მონაწილეობას იღებდა , მოწაფეთა ახალგაზრდულ შეკრებებში, რომელიც იმართებოდა ძველი ციხის ნანგრევებში. იქ კითხულობს ლექსს „პირველი მაისი“.
 გ. ტაბიძეს 1908 წ.  მაისში დაუმთავრებია სასულიერო სასწავლებელი.(სსლგ გ.ტაბიძის არქივი, 495 გვ) სკოლაში გვქონდა გ.ტაბიძის სახელობის კლას-კაბინეტი. რომელშიც იმართებოდა უამრავი შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიება. სამწუხაროდ,  სკოლის შეკეთებითი სამუშაოების ჩატარების გამო  ამჟამად აღარ არის. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სკოლა ატარებდა გ.ტაბიძის სახელს. 

                                                              სურათზე: #6 საჯარო სკოლის დირექტორი და ლექსის ავტორი
„ მიეთოვოს, მოეთოვოს კედლებს ფარშევანგები! “  
                                                          

გალაკტიონს


 მთაწმინდისკენ მიმავალ გზას ლოცვით მივყვები,
რაღაც ძლიერი სტიქიონი გულს ეომება,
და მახსენდება წარმოთქმუკლი ჩემი სიტყვები-
გალაკტიონი საქართველოს მოენატრება!
ვუსმენ გულისხმას , თან უჩუმრად ავყევი ფიქრებს,
ზეცა ტიროდა,  წვიმის წვეთი თითქოს ცრემლია,
მეც ხომ შენსავით დავეძებდი უცხო აჩრდილებს,
ბევრი ვეძებე, მაგრამ დღემდე ვერ მიპოვია
მე შენს საფლავთან ჩამომჯდარი ფიქრებს ავყევი,
მოურიდებლად მოვუკიდე ჩამქრალ ყალიონს,
გამოიდარებს... გამოიდარებს კვლავ, გალაკტიონ!
ერთად ველოდით მონატრებულ მზიან ალიონს,
სულ გულახდილი ვერ ვიქნები მე შენ წინაშე,
მაგრამ ამჯერად მზად ვარ , გული გადაგიშალო,,
შენთან მოვედი  იმ განზრახვით, რომ დავმეგობრდეთ,
და რაც ვიგრძენი, არაფერი არ დაგიმალო.
რატომ მიეცი საშუალება გრძნობებს თამაშის,
ან მესაფლავეს გაეკიცხა სხვათა ცხოვრება?
შენს პოეზიას ვერავინ და ვერასდროს წაშლის,
მსგავსი შედევრი არასოდერ განმეორდება.
ძლიერი იყავ, ვერ ებრძოლე მიჯნურ სიყვარულს ,
სასმელში ეძებ გამოსავალს, დიდ ტყვეობაში
შუაღამისას სარკმელთან რად ჩაფიქრებულხარ,
ნუთუ სივრცეებს  დაეძებდი საკუთარ თავში?

უსიყვარლოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
თვით ეს გრძნობები ისწრაფოდა ბეთანიისკენ.
მსგავს სილამაზეს ვერ იხილავ მთელ ქვეყანაზე
დღეს ხომ მუზები ამიტომაც ჩემთან მოვიდნენ.
გურიის მთები სინანულით დღემდე გიხსენებს
აღარ ყვავიან გაზაფხულის მწვანე ფოთლები,
კიპარისები ისე ღელავს, როგორც არასდროს,
მარმარილოს ქვეშ დასტირიან სერაფიმები...
ძლიერ გიყვარდა იისფერი თოვლის ფარფატი,
დღეები რბიან, გიშრის თმებში მოჩანს ჭაღარა,
გულზე დაგაჩნდა იარები, ვით ხეს ნაფოტი,
გაფაციცებით თვალს გადევნებს ცისა კამარა.
ქარი დაქრის  და უმოწყალოდ ხეებს ატოკებს,
არა! გახედეთ არემარეს, ირგვლივ დარია,
ჩვენი დრო ისევ გალაქტიონს სანთლებით ეძებს,
თუმც ვერ ვიპოვოთ, მისი ძებნა გულს უხარია.
როცა მდინარე ყვავილებით ზღვაში ეშვება,
ცხელი ცრემლებით მთაწმინდისკენ მიაქვთ აკლდამა...
დღეს უშენობით პოეზიას ბზარი უჩნდება,
მცირედი წლები საცხოვრებლად ღმერთმა გაკმარა.
ახლა კი იქ ხარ, სადაც მუდამ გიყვარდა ყოფნა
და შენს საფლავთან სულ იქნება მთაწმინდის მთვარე,
ლურჯა ცხენები მოთქარუნებს შენკენ ხმაურით,
ასე იყო და გაილია მთაწმინდის ღამე.



                                                                                                          მე-11 კლასის მოსწავლე.     ლ. საცერაძე
                                               
                                             
   1908 – 1915 წლებში  სასულიერო სასწავლებელში უსწავლია პლატონ გოლეთიანს, შემდგომში დამსახურებულ მასწავლებელს. როგორც პლატონ გოლეთიანის შვილი, ექიმი პროფესორი გ. გოლეთიანი (თბილისში), იგონებს მამის მონათხრობს : 1909 წელს სასწავლებლიდან გაურიცხავთ ლეჩხუმელი მეშვიდე კლასის მოსწავლე ა. სვანიძე, რომელიც შემჩნეული ყოფილა მთავრობის საწინააღმდეგო განწყობილებაში. მას პროტექტორად მოუყვანია  რაჭა-ლეჩხუმის მარშალი იასონ გელოვანი. ზედამხედველ ხოლმსკის დიდი მოწიწებით მიუღია   მარშალი გელოვანი , ხოლო მოსწავლე ა. სვანიძე კი დაუბრუნებია სასწავლებელში.  ასევე პლატონ გოლეთიანის შვილს უამბნია :  1909 წ.  წელს არქიელის გორაზე ასულა დიდი ქართველი მგოსანი-აკაკი წერეთელი. ის სასწავლებელსაც სტუმრებია.  აკაკი, როცა ეტლში ჯდებოდა, გასაუბრებია მოსწავლე პლატონ გოლეთიანს.  დაუთვალიერებია სახელმძღვაელოები და რვეულები.  გამოუკითხავს ლექსი , მოსწონებია მისი თხრობა და უთქვამს : - თავდადებით და ერთგულად ემსახურე მამულსო.  ( საუბარი ჩაიწერა ჩვენი კლასის მოსწავლემ - ანდრია გოლეთიანმა. )


5.  სკოლა და მისი დირექტორები 1952 წლიდან დღემდე
1952 წლიდან 1970 წლამდე სკოლის დირექტორი იყო  გამორჩეული ნიჭისა და უნარის მქონე, ყველასათვის საყვარელი ადამიანი - იპოლიტე კორძაძე. 

1970 წლიდან 1976 წლამდე დახვეწილი, ინტელიგენტი და საუკეთესო პიროვნება დავით ჭანტურიძე მართავდა სკოლას.
.
                                                                        დავით ჭანტურიძე
1976 წლიდან სკოლის დირექტორად გადაიყვანეს სასწალო ნაწილის ხელმძღვანელი და ენციკკოპედიური ცოდნის მქონე - ლარგო ბედიაშვილი. ის ამჟამადაც მხნედაა და მასთან სტუმრობა გადავწყვიტეთ.  აი როგორ მოგვითხრო მან თავისი ბიოგრაფია : „ მე, ლარგო აბესალომის -ძე ბედიაშვილი  დავიბადე ქუთაისში  1937 წლის 16 აპრილს , პედაგოგების ოჯახში . 1954 წელს დავამთავრე მე-11 ვაჟთა სკოლა ვერცხლის მედალზე. იმავე წელს სწავლა გავაგრძელე ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში საბუნებისმეტყველო, გეოგრაფიის ფაკულტეტზე და მისი დამთავრებისთანავე მუშაობა დავიწყე გეოგრაფიის მასწავლებლად. 1964 წ. ვმუშაობდი  კომკავშირის ქუთაისის საქალაქო კომიტეტში  სასკოლო განყოფილების გამგედ. 1966 წლიდან მე-7 სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ. 1969 წელს მე-6 სკოლის სასწავლო ნაწილად, შემდეგ კი დირექტორად., სადაც ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი წელი აღმოჩნდა 1971 წ.  დავქორწინდი ამავე სკოლის კურსდამთავრებულზე  და ამ სკოლაში დღემდე მოქმედ პედაგოგ - მცინარა მანაგაძეზე. 

   
                                                                    ლარგო ბედიაშვილი
ახალი მე-6 სკოლის მშენებლობა , რომელიც დაიგეგმა ჩანჩიბაძის ქ. N12 -ში თითქმის მთლიანად ჩემი მეთვალყურეობით მიმდინარეობდა, რომელიც დასრულდა 1972 წელს.  1976 წელს გადამიყვანეს განათლების განყოფილებაში, სხვადასხვა თანამდებობბზე .
  2007 წლიდან გავედი პენსიაზე და ვფუსფუსებ ერთ პატარა, მოკრძალებულ , ლამაზ ქართულ ოჯახში.  მყავს ორი ქალიშვილი - პედაგოგები და ორი შვილიშვილი მე- 9 და მე-2 კლასის მოსწავლეები.  ვემსახურები ჩემს შვილიშვილებს , ინტერესით  ვადევნებ თვალყურს ახალ ცხოვრებას. ვკითხულობ ძველ და ახალ ლიტერატურას .
„ცხოვრება გრძელდება ლამაზი ფერებით , ყველაფერი უფრო და უფრო საინტერესო ხდება.  მეც მოვყვები ამ დინებას , სანამ გზა  ტაძრამდე არ მიმიყვანს. აი, თქვენც გამოჩნდით . ტაძრის  მიდამოებიდან და ჩემი სკოლიდან მოსულებმა, ერთი დღწე  გამილამაზეთ“.
                                                                                              (საუბარი ჩაიწერა - ანა გელაშვილმა )

 როგორც აღვნიშნეთ, 1970 წელს სკოლის შენობა ბაგრატის ტაძრის შემოგარენის გასუფთავებისა და ტაძრის რესტავრაციასთან დაკავშირებით სხვა შენობებთან ერთად აიღეს.  1972 წლისთვის საუკეთესო შენობა  დაჩქარებული ტემპით აშენდა. ამ დროს სკოლაში ყოფილა 17 კლასი. 494 მოსწავლით.
1976 წლიდან 1984 წლამდე სკოლის დირექტორი იყო მუდამ მოფუსფუსე და შრომისმოყვარე ადამიანი - გიორგი ფრუიძე.  ( როგორც ჩვენი პედაგოგი მ. გიორგობიანი აღნიშნავს,  თვითონ გიორგი ფრუიძემ და პედაგოგებმა მოიტანეს, დარგეს და გაახარეს  ნაძვის ხეები რომლებიც ასე ამშვენებენ სკოლას. )
1984 წლიდან 1987  წლამდე სკოლას ხელმძღვანელობდა გამორჩეული აღნაგობის , კარგი პიროვნული თვვისებების მქონე პედაგოგი - ვიტალი პატარიძე.   იგი ამჟამად მუშაობს N17 საჯარო სკოლის დირექტოტორის მოადგილედ.


                                                                            ღონისძიება ჭყვიშში
     ვიტალი პატარიძე

1987  წლიდან 1996 წლამდე სკოლის დირექტორი  იყო მათემატიკის კარგი მცოდნე და კომუნიკაბელური პიროვნება - ავთანდილ ლომსიანიძე
ავთანდილ ლომსიანიძე სკოლის პედაგოგებთან ერთად.

(მ. გიორგობიანი    ვ.გუგუჩია    დ. ფარჯანაძე     ი. ჯანგირიძე)
1996 წლიდან 2007 წლამდე სკოლას დირექტორობდა - მამუკა გიორგაძე. 

სკოლის დირექტორი მამუკა გიორგაძე  პედაგოგებთან ერთად.

2007 წლიდან 2011 წლამდე დირექტორი იყო - ზურაბ გოცირიძე. (ამ დროს გადაიხურა სკოლა , გაკეთდა გათბობა და კარ-ფანჯარა)

2011 წლიდან 2014 წლამდე სკოლას ხელმძღვაენლობდა ქალბატონი ლია იდაძე. რომელმაც თავისი ძალისხმევით კეთილმოაწყო სკოლის სააქტო დარბაზი რომელშიც ამჟამად მრავალი საგანმანათლებლო- შემეცნებით ღონისძიება ტარდება.

2014 წლიდან სკოლის დირექტორია ახალგაზრდა,  ენთუზიაზმით და  ახალი იდეებით დატვირთული - დიმიტრი ქარსელაძე


 
დ. ქარსელაძე პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად ენერგიულად შეუდგა სკოლის ინფრასტრუქტურის  გაუმჯობესებასა და სასწავლო- სააღმრზდელო საქმიანობის თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე წარმართვას. მის ირგვლივ დარაზმულია ერუდირებული პედაგოგიური კოლექტივი. სკოლა თავდაუზოგავად ცდილობს არ ჩამორჩეს თანამედროვეობას

                                                                                                სსიპ ქალაქ ქუთაისის №6 საჯარო სკოლის პედაგოგები
6. კურსდამთავრებულები,  რომლებითაც ამაყობს სკოლა 



გივი ალხაზიშვილი სტუმრად მე-6 საჯარო სკოლაში
სკოლის  მრავალ გამოჩენილ ადამიანთა შორის არიან : პოეტი ,  პროზაიკოსი და მთარგმნელი გივი ალხაზიშვილი.რამდენიმე მცდელობის შემდეგ , მოვახერხეთ გივი ალხაზიშვილთან სატელეფონო საუბა და მოვიხიბლეთ მისი უკიდეგანო თავმდაბლობით. მან მადლიერება გამოთქვა , ჩვენი სკოლის და მასწავლებლების მიმართ . მისი ნაწარმოებების და ჯილდოების შეახებ მასალების მიღების გზაც გვასწავლა. აი ეს მასალაც : მის მიერ გამოშვებული პოეტური კრებულებია: „მოგონებათა ქალაქი“ (1975), „უცხო ფრინველი“(1975), „წარსულის სარკმელი“(1980), „სიტყვების მოლოდინი“ (1987) და სხვა უამრავი. მას მიენიჭა აკაკი წერეთლის პრემია წიგნისთვის „გამოსვლა უდროობიდან“ . ამავე წიგნისთვის გადაეცა სახელმწიფო პრემია. 2010 წელს გამოიცა მისი სამი ახალი წიგნი. მან გამოსცა ახალი ლექსების კრებულიც- „ჩაბრუნებული მზერა,“ რისთვისაც „საბას“ პრემია მიენიჭა. 2014 წელს კი გამოიცა ესეების კრებული - „ორი სინამდვილე ზღვარზე“.
ბევრია წარმატებული პედაგოგიურ და საინჟინრო სფეროებში.  სხვადასხვა თანამდებობებზე დასაქმებულნი არიან ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები: ნიკო კაჭკაჭიშვილი,  გურამ გოცირიძე, მაყვალა ქობულაძე , ეკატერინე ლობჟანიძე, ალექსანდრე ჭაბუკიანი , გიორგი ხვედელიძე, ლია და ლელა ხაჭაბურიძეები  და სხვეები...
  როგორც ჩვენი სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელმა (აჟამად პენსიონერი) ნოდარ ზვიადაძემ მოგვითხრო , დიდი მიღწევები ჰქონდა სკოლას  სპორტის სხვადასხვა სახეობებში..

თვალი გადავავლოთ სიას :
1.      კუხიანიძე გიორგი - კრივი - საქ. ნაკრების წევრი.
2.      ხაჭაპურიძე ონისე - ჭიდაობა - საქ.  ნაკრების წევრი.
3.      ლეჟავა ლელა - ფარიკაობა - საქ. ნაკრების წევრი.
4.      ქურასბელიანი დავით - ფარიკაობა -  საქართველოს პრიზიორი .
5.      ლომთაძე დიმიტრი- ტანვარჯიში - საქ ნაკრების წევრი
6.      ლობჟანიძე ნიკა - აღმ. ორთაბრძოლებში ( კარატე ) ოქროს მედლისა და პრიზების მფლობელი.
7.      ხმელიძე გიორგი - ჭიდაობა - საქ. ნაკრების წევრი
8.      ყაველაშვილი ზურაბ - ხელბურთი - საქართველოს ნაკრების წევრი
9.      ხურციძე ავთანდილი - ბრძოლა წესების გარეშე - მსოფლიო ჩემპიონი (კინგბოქსი)

(ნოდარ ზვიადაძეს ესტუმრა და ჩანაწერი გააკეთა მე-9 კლასის მოსწავლემ საბა იობიძემ)

7. სკოლის უახლესი ისტორია და ახლანდელი მაჯისცემა
დიდი ასაკისა და ტრადიციების მქონე მე- 6 საჯარო სკოლა ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა მოსწავლეთა ზნეობრივ ფორმირებას. „ვინც კეთილად ზრდის , იგია აღმზრდელი  და გამაბედნიერებელი ერისა , ვინაიდან სიყრმის დროს დათესილი თესლი , დიდობაში გამოიღებს ნაყოფს.“-წერდა ვაჟა ფშაველა.მოსწავლეთა აღზრდაში ყოველთვის გამორჩეული იყო სკოლის, წიგნის,ლიტერატურის როლი და გამოჩენილი ადამიანების პირადი მაგალითის ძალა.  გალაკტიონის ბრძანებისა არ იყოს - „ და არის ქვეყნები სხვა, რომელთაც არა აქვთ ზღვა, ანუ მდინარე.“  დიახ, არის სხვა ქვეყნები, რომელთაც  არ გააჩნიათ ასეთი მდიდარი და სახელოვანი ისტორია, ლიტერატურა , ხელოვნება. არ ჰყავთ იმდენი გამოჩენილი ადამიანი, რამდენიც- ჩვენ. მარტო ჩვენი სკოლის ისტორია და სკოლის კურსდამთავრებულების ჩამოთვლაც კი ეყოფა საამაყოდ  არა მარტო ერთ სკოლას, დიდ ქალაქსაც კი. რა ვქნათ , არ ვიამაყოთ ? მაგრამ საინტერესოა, ვინ ფუსფუსებს ახლა ამ სკოლაში...
 საგაკვეთილო პროცესებთან ერთად, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული მრავალ  სხვადასხვა პროექტებსა და ღონისძიებებში.რადგან   ჩვენმა მასწავლებლებმა კარგად იციან, რომ 100 გაკვეთილი  ვერ  დაიტევს იმდენ ემოციას , კარგ განწყობას და, თუ გნებავთ ცოდნასაც , რასაც ამგვარ  ღონისძიებები იტევს  ...





ექვთიმე ხვთისკაცის პატივისგება მთაწმინდაზე

სკოლის კურსდამთავრებული ამჟამაც სკოლის მუსიკის მასწავლებელი 
ი. ჯანგირიძე ერთ-ერთ ღონისძიებაზე.

ჩვენი საკლასო ოთახის ფანჯრებიდან, ამაყად გვიყურებს , ბაგრატის ტაძარი და ყოველ წუთს გვახსენებს: „რანი ვიყავით , რანი ვართ და რანი ვიქნებით ! “
   დიახ, ამ სკოლაში არის დიდი რწმენა და  იმედი იმისა რომ კვლავაც მრავალ ახალ                             სასახელო თააობას  დააფრთიანებს ჩვენი  სკოლის  კედლები.!..



 აღნიშნული მასალების შეგროვებაში ფასდაუდებელი დახმარება  გაგვიწიეს ქუთაისის სახელმწიფო არქივის დირექტორმა  მერაბ კეზევაძემ , ჩვენი სკოლის საარქივო მასალის კარგმა მცოდნემ - მასწავლებელმა ნანი მანაგაძემ და ჩვენი სკოლის ისტორიის მასწავლებელმა გულნარა მიშვიძემ, რისთვისაც დიდ მადლობას  მოვახსენებთ. 


                                         სსიპ ქალაქ ქუთაისის №6 საჯარო სკოლის პედაგოგები (2015 წელი)

                                                        „ ჩვენ  შესახებ “
გულდასმით გავეცანით კონკურსის „ ჩემი სკოლის მატიანეს“ დებულებას .  ჩვენი ისტორიის მასწავლებლის გულნარა მიშვიძის კონსულტაციით დავიწყეთ მასალების შეგროვება , აქტიურად ჩავებით მე-9 კლასის მოსწავლეები., დიზაინი და ძველი მოძიებული მასალა  შევავსეთ ჩვენი ახალი ფოტო- სურათებით. 

„კაცობრიობა რომ  არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან ?! “
     ბლოგის ავტორი- ტერეზა მამრიკიშვილი          
    კონსულტანტი - გულნარა მიშვიძე
    ფოტოები გადაიღეს - პედაგოგ, ნათია გორგასლიძის ხელმძღვანელობით, IX კლასის მოსწავლეებმა:მარიამ ბუცხრიკიძემ, მარიამ ცაგარეიშვილმა და ნანო კახიძემ.